რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტემპს "შენგებულად ანელებს, რათა მოხდეს ევაკუაცია და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან აირიდონ".
"გარშემორტყმული დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად ცხადდება სიჩუმის რეჟიმი და იქმნება ჰუმანიტარული დერეფნები", - თქვა შოიგუმ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე.
მისივე მტკიცებით, რუსული სამხედროები, უკრაინის შეიარაღებული ჯარებისგან განსხვავებით, არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სადაც, შესაძლოა მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
შოიგუმ ყურადღება გაამახვილა დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაზეც და აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაიაზრა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩამოშლის პირას დადგნენ.
"სანქციების ზეწოლისა და კიევის რეჟიმისთვის დასავლეთის ფართომასშტაბიანი დახმარების მიუხედავად, რუსეთი სამხედრო ოპერაციას იქამდე გააგრძელებს, სანამ არ მიაღწევს ყველა დასახულ მიზანს", - განაცხადა შოიგუმ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში მცირემასშტაბიანი წინსვლის მიუხედავად, არსებით პროგრესს ვერ აღწევს, რადგან მისი ჯარი მნიშვნელოვან გამოფიტვას განიცდის.
დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც საბჭოთა კავშირმა ავღანეთის 9 წლის მანძილზე და ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია რუსეთის მსხვერპლის გაზრდა.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაბალი დონის ცუდმა ტაქტიკამ, შეზღუდულმა საჰაერო დაფარვამ და სარდლობის მიდგომამ, სამხედრო დანაკარგების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.